პლასტმასის გადამუშავება: გლობალური ეკოლოგიური გამოწვევა და საქართველოს პერსპექტივები

თანამედროვე ინდუსტრიულ სამყაროში პლასტმასის მოხმარება კრიტიკულ ზღვარს აღწევს. გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მონაცემებით, ერთი პლასტმასის ბოთლი ბუნებრივ პირობებში დაახლოებით 450 წელი იშლება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს წარმოებული ნარჩენი საუკუნეების განმავლობაში დარჩება ბუნებრივ გარემოში და კვლავაც მოახდენს მასზე ნეგატიურ გავლენას. 

აღნიშნული პრობლემის მასშტაბებს კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ყოველდღიურად მსოფლიოში მილიარდობით ერთჯერადი ჭურჭელი გამოიყენება, რაც გარემოზე ზეწოლას აძლიერებს. ამ ფონზე, პლასტმასის გადამუშავება განიხილება როგორც ერთადერთი ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და შეამციროს გარემოს დაბინძურება

წინამდებარე სტატია მიმოიხილავს ნარჩენების მართვის გლობალურ პრაქტიკას და იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში პლასტმასის გადამუშავების პროცესს აფერხებს.

პლასტმასის ნარჩენების გავლენა გარემოზე და ფარული საფრთხეები

პლასტმასის ბოთლი და სხვა პოლიმერული ნაკეთობები, მათი დაბალი თვითღირებულებისა და ექსპლუატაციის სიმარტივის გამო, თანამედროვე ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა სწორედ ეს გამძლეობა და გარემო პირობებისადმი მდგრადობა წარმოადგენს მთავარ საფრთხეს: პლასტმასი ბუნებრივი გზით პრაქტიკულად არ ბიოდეგრადირდება. ნაცვლად დაშლისა, ის მზის რადიაციისა და მექანიკური ზემოქმედების შედეგად მხოლოდ მცირე ნაწილაკებად ქუცმაცდება, რაც საფუძველს უდებს ე.წ. „მიკროპლასტმასის’’ გლობალურ პრობლემას.

გარემოს დაბინძურება ამ მიმართულებით განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ეს უხილავი ნაწილაკები შეუმჩნევლად აღწევს ნიადაგსა და წყლის რესურსებში, საბოლოოდ კი ადამიანის საკვებ ჯაჭვში ხვდება. პლასტმასის შემადგენლობაში არსებული ტოქსიკური ნივთიერებები დროთა განმავლობაში ცოცხალ ორგანიზმებში გროვდება, რაც ბიომრავალფეროვნებას შეუქცევად ზიანს აყენებს. ამგვარად, პლასტმასის ნარჩენები წარმოადგენს ფარულ ეკოლოგიურ საფრთხეს, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება ბუნების თვითაღდგენის უნარს და არღვევს ეკოსისტემების სასიცოცხლო ბალანსს.

პლასტმასის ბოთლების გადამუშავება – ტექნოლოგიური პროცესი

პლასტმასის ბოთლების გადამუშავება არის მრავალეტაპიანი ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც ნარჩენების შეგროვებითა და დახარისხებით იწყება. პირველ ეტაპზე პლასტმასი იყოფა ტიპებისა და ფერების მიხედვით, რადგან სხვადასხვა პოლიმერი განსხვავებულ დამუშავებას საჭიროებს. დახარისხებული მასალა გადის რეცხვისა და დეზინფექციის პროცესს, რის შემდეგაც იგი სპეციალურ დანადგარებში ქუცმაცდება. მიღებული ფანტელები თერმული დამუშავების შედეგად გარდაიქმნება მეორად გრანულებად, რომლებიც შემდგომ როგორც ნედლეული ახალი პროდუქციის შესაქმნელად გამოიყენება. 

გადამუშავებული მასალის გამოყენების სფერო საკმაოდ ფართოა. პლასტმასის გადამუშავება იძლევა საშუალებას, რომ ძველი ბოთლებისგან შეიქმნას არა მხოლოდ ახალი შეფუთვები, არამედ სამრეწველო ტექსტილი, საიზოლაციო მასალები და საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი. მაგალითად, გადამუშავებული პოლიეთილენისგან მზადდება სინთეზური ბოჭკო, რომელსაც აქტიურად იყენებენ ავეჯის წარმოებასა და მოდის ინდუსტრიაში. ნარჩენების მართვა ამ პრინციპით ხელს უწყობს ნულოვანი ნარჩენის კონცეფციის რეალიზებას, რაც გლობალური ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებაა.

ნარჩენების მართვის სისტემა: გადამუშავება საქართველოში და ინფრასტრუქტურული ბარიერები

მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვა ბოლო წლებში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, გადამუშავება საქართველოში კვლავ ფორმირების საწყის ეტაპზეა. ფორმალური რეგულაციების არსებობის მიუხედავად, სისტემური რეციკლირება კვლავ ვერ პასუხობს მზარდ ეკოლოგიურ კრიზისს – უპირველესი პრობლემა სეპარირებული შეგროვების ინფრასტრუქტურის არარსებობა ან უკიდურესი სიმცირეა: ქვეყნის მასშტაბით სპეციალიზებული კონტეინერების ქსელი იმდენად მწირია, რომ ნარჩენების დახარისხება თითქმის შეუძლებელი ხდება. ამ ლოგისტიკური ჩავარდნის შედეგად, პლასტმასის ნარჩენები, ნაცვლად გადამამუშავებელი საწარმოებისა, კვლავ საერთო ნაგავსაყრელებზე ხვდება, რაც მთლიან პროცესს აზრს უკარგავს.

ინფრასტრუქტურულ გაუმართაობასთან ერთად, პროცესს საზოგადოებრივი ცნობიერების დეფიციტიც აფერხებს. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის პლასტმასის ბოთლების გადამუშავება ჯერ კიდევ არ აღიქმება ყოველდღიური პასუხისმგებლობის ნაწილად, რაც ხშირად ინფორმაციის ნაკლებობითა და უნდობლობითაა განპირობებული. ეკონომიკური თვალსაზრისით კი, კერძო სექტორისთვის გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნა მაღალ ინვესტიციებთან და რისკებთანაა დაკავშირებული – სახელმწიფოს მხრიდან სათანადო სტიმულირებისა და საგადასახადო შეღავათების გარეშე, ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება ბიზნესისთვის არარენტაბელურია. ამ სტაგნაციის ფონზე კი, ერთადერთ იმედისმომცემ ნიშნად მცირე და საშუალო საწარმოების ენთუზიაზმი რჩება, რომლებიც ცდილობენ პლასტმასის ნარჩენები სხვადასხვა ნაკეთობის ნედლეულად აქციონ და ადგილობრივ ბაზარზე ციკლური ეკონომიკის პირველი პრეცედენტები შექმნან.

ინდივიდუალური სტრატეგიები პლასტმასის მოხმარების შესამცირებლად

გარემოს დაცვა ყოველდღიური გადაწყვეტილებების ერთობლიობაა, სადაც პირველი და ყველაზე ქმედითი ნაბიჯი პლასტმასის ერთჯერად პროდუქციაზე უარის თქმაა. მრავალჯერადი გამოყენების ალტერნატივების, ბოთლებისა თუ კონტეინერების, ყოველდღიურობაში დამკვიდრება საგრძნობლად ამცირებს ნაგავსაყრელებზე მოხვედრილი პლასტმასის ნარჩენების მოცულობას. ეს პრაქტიკული მიდგომა არა მხოლოდ რესურსების რაციონალურ გამოყენებას უწყობს ხელს, არამედ მინიმუმამდე დაჰყავს მოთხოვნა ახალი პლასტმასის წარმოებაზეც, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გარემოზე ზეწოლას ამსუბუქებს.

ზოგადად კი, პლასტმასის გადამუშავება, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ნედლეული სხვაგვარი ნარჩენებით დაბინძურებული არ არის. შესაბამისად, მოქალაქეთა მხრიდან ბოთლების დახარისხება და მათი განთავსება სპეციალიზებულ ურნებში წარმოადგენს იმ აუცილებელ ბაზისს, რომელიც ნარჩენების მართვის მთლიან ჯაჭვს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. ამასთანავე, ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, აყალიბებს მყარ საზოგადოებრივ მოთხოვნას, რაც სახელმწიფოსა და ბიზნესს  გადამუშავების უფრო მოქნილი სისტემების შექმნისკენ უბიძგებს.

გარემოსდაცვითი მდგრადობა და პასუხისმგებლობის საერთო წრე

სწორედ ეს საზოგადოებრივი დაკვეთაა ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელსაც შეუძლია პლასტმასის გადამუშავება საქართველოში ეპიზოდური ინიციატივებიდან გამართულ, ინდუსტრიულ ციკლად აქციოს. ამ პროცესში თითოეული გადაგდებული ბოთლი თუ დახარისხებული ნარჩენი  არის ნაბიჯი იმ ეკონომიკური მოდელისკენ, სადაც რესურსების მეორადი გამოყენება უმთავრესი პრიორიტეტია.

ამგვარად, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოხერხდება ინდივიდუალური ძალისხმევის, ბიზნესის ინტერესებისა და სახელმწიფო ხედვის ერთიან სისტემაში მოქცევა. გარემოს დაცვა და ნარჩენების რეციკლირება მხოლოდ ეკოლოგიურ ტვირთს კი არ შეამსუბუქებს, არამედ დაგვეხმარება, მომავალ თაობებს საცხოვრებლად ჯანსაღი გარემო დავუტოვოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

 

 / 

შესვლა

წერილის გაგზავნა

ჩემი ფავორიტები

ka_GEGeorgian